არსებობს ერთი არაჩვეულებრივად ლამაზი კალენდარული დღე, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ. ეს ყველაფერი 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში დაიწყო. ძველისძველი კატალონიური ტრადიცია ყოფილა: ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონა – როგორც ჩანს, ამ სფეროში მომუშავე ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით გონებაგახსნილი იყო, – და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. თავისი ინიციატივა გილდიამ ძალიან ლოგიკურად დაასაბუთა. ხომ არ იტყოდნენ, წიგნებს ვასაღებთო! ამიტომ გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა, და საერთოდაც ხომ შექსპირის გარდაცვალების დღის აღნიშვნა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ კიდევ 1771 წელს გადაწყვიტა! მოკლედ, მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ 23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ, ამ მხარეში ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა. 1995 წელს კატალონიამ იუნესკოს თავისი შესანიშნავი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა – “წიგნის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისათვის კითხვის შესაყვარებლად” იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი დაიწყო მისი აღნიშვნა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა. იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია: “ვინაიდან წიგნი კაცობრიობის ისტორიაში ცოდნის გავრცელებისა და დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, 23 აპრილი ყოველწლიურად წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ ცხადდება”.
იუნესკოს გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა გამოდგა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს “თეთრი წიგნის კვირეულით” აღნიშნავენ და დიდი ბრიტანეთი, სადაც “წიგნის მსოფლიო დღე” დიდ დღესასწაულად იქცა.
23 აპრილი დღეა, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს. წიგნის მსოფლიო დღედ გამოცხადებით თავის დროზე იუნესკომ, პირველ რიგში, ახალგაზრდებს მოუწოდა წიგნში ეძებნათ სიამოვნება.
წიგნის დღეს ზეიმობენ ავსტრალიაში, კანადაში, ესპანეთში, საბერძნეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, სპილოს ძვლის სანაპიროზე, მოზამბიკში, პუერტო რიკოში, კუბაზე – სად აღარა…
2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში იმართება წიგნის ფესტივალები, საჯარო კითხვები, წიგნის გამოფენა-გაყიდვები, „ღია კარის დღეები“, ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები, ავტორთა იუბილეები.
No comments:
Post a Comment